logo
ENG



ლავროვი: რუსეთი უკრაინაში "სპეცოპერაციის" დასრულებას 9 მაისისთვის არ დააჩქარებს

02 მაი 202213:03
3 წუთის საკითხავი
 
ლავროვი: რუსეთი უკრაინაში "სპეცოპერაციის" დასრულებას 9 მაისისთვის არ დააჩქარებს

მოსკოვი "ხელოვნურად არ დააჩქარებს უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაციის" დასრულებას 9 მაისისთვის". ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იტალიურ ტელეკომპანია, Mediaset-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენი სამხედროები ხელოვნურად არ დააჩქარებენ თავიანთ ქმედებებს რაიმე თარიღისთვის, მათ შორის გამარჯვების დღისთვის. ჩვენ საზეიმოდ აღვნიშნავთ 9 მაისს, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდით."- განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, უკრაინაში "სამხედრო სპეცოპერაციის" განხორციელების ტემპი, პირველ რიგში, დამოკიდებულია "სამოქალაქო მოსახლეობისა და რუსი სამხედროებისთვის ნებისმიერი რისკის მინიმუმამდე დაყვანის აუცილებლობაზე."

რუსეთი 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, დიდი სამხედრო აღლუმით აღნიშნავს.

***

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. 

რუსეთს იერიში მიაქვს არა მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურასა და სამხედროების პოზიციებზე, არამედ ბომბავს და ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებსაც.

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 219 ბავშვი დაიღუპა, 405 კი დაშავდა.

რუსული ძალების დაბომბვის შედეგად 1 570 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, 111 კი მთლიანად განადგურდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 2 მაისამდე პერიოდში, რუსული მხარის დანაკარგი 23 800-მდე ჯარისკაცია.


close დახურვა